Monday, June 1, 2009

სჭირდებათ თუ არა აზერბაიჯანელ გოგონებს განათლება?


12 წლის ჯაჰან ყურბანოვას სკოლაში ერთი დღეც არ უვლია. 13 წლის გუნელი ჰასანოვა კი მშობლებმა სკოლიდან სხვადასხვა მიზეზების გამო, ბავშვის სურვილის მიუხედავად, 12 წლიდან გამოიყვანეს.

ერთ დღეს მიკრო-ავტობუსით მგზავრობისას ყური საუბარს მოვკარი, უცნობი ადამიანი გვერდით მჯდომს ეუბნებოდა: – ,,და-ძმას სოფელ ყიზილაჯლოდან ქართულში ვამზადებ, მამამისმა მითხრა, რომ ბიჭის მარტო გაშვება არ უნდოდა და დას იმიტომ აყოლებდა, თორემ ქართული რომ ისწავლოს, მაინცდამაინც, სურვილი არ ჰქონდა, სკოლის დამთავრებისთანავე მის გათხოვებას გეგმავს”.

კითხვაზე სჭირდება თუ არა აზერბაიჯანელ ქალს განათლება, აზერბაიჯანელი მოქალაქეების აზრი ასეთია:

– ,,გოგო სახლში უნდა იჯდეს და 16 ან 18 წლის ასაკში გათხოვდეს, მოუაროს შვილებს და ოჯახს, ამისთვის კი, სწავლა საჭირო არ არის”, - ფიქრობს 50 წლის თემურ უმუდოვი.
– ,,თვითონ გოგოზეა დამოკიდებული რა გზას აირჩევს, სწავლა თუ უნდა ისწავლოს”,- მიიჩნევს 18 წლის ანარ გასუმოვი.
– ,,სკოლაში გოგონებს იმიტომ არ უშვებენ, რომ ცუდი დროა, შეიძლება ვინმემ მოიტაცოს, ჩვენ კი გვინდა ტრადიციულად გავათხოვოთ”- გვარწმუნებს 60 წლის იასინ ჰაჯიევი.
– ,,წესია ასეთი, სკოლაში გოგომ არ უნდა იაროს, მაგრამ თუ სწავლა უნდა, მშობლებიც თანახმა უნდა იყვნენ”- აცხადებს სევდა ნამაზოვი.
– ,,გოგოს თუ სკოლაში არ უშვებენ, ესე იგი ათხოვებენ, ასე არ შეიძლება, თუ ერთი მშობელი ასე იქცევა, სხვებიც მას ბაძავენ”- წუხს 55 ზეინაბ ქარამოვა.

იმის მიზეზად, რომ 12 წლის ჯაჰან ყურბვანოვას სკოლაში არასდროს უვლია, მძიმე მატერიულურ მდგომარეობას ასახელებს, თუმცა გოგონა სკოლაში რომ არ დადის, მაინცდამაინც, არ აღელვებთ.

– ,,სწავლა საჭირო არ არის, გოგომ არ უნდა ისწავლოს, მე თვითონ მეხუთე კლასამდე ვისწავლე და მერე გავთხოვდი, სკოლაში რომ გავუშვათ, ტანსაცმელი, ჩანთა და სახელმძღვანელოები დასჭირდება, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს,”- ამბობს გოგონას დედა გულნარა ყურბანოვა.

თავად გოგონა იმდენად მორიდებულია, საერთოდ დაიმალა და მასთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ.

სოფელ სარვანში მცხოვრები გუნელი ჰასანოვა ახლა ცამეტი წლის არის, ის 12 წლის იყო, როცა მისი სურვილის მიუხედავად, სკოლიდან გამოიყვანეს.

– ,,დედაჩემს ვთხოვ, სკოლაში წასვლის ნება მომცეს, მაგრამ ჩემს სკოლაში ბევრი გოგო მოდას მისდევს, ქალურად იცვამს, იპრანჭება და კარგად არ იქცევა, მათ შეყვარებულებიც ჰყავთ, დედა სკოლაში ამის გამო არ მიშვებს. გათხოვება არ მინდა და ჩემს კლასელებსაც ამას ვურჩევ”.

გუნელი ჰასანოვას დედა, აფინა ჰასანოვა კი ამბობს, რომ ,,დრო შეიცვალა, ბავშვები თავის ასაკთან შედარებით შეუფერებლად იქცევიან, გოგონებს შეყვარებულები ჰყავთ, მეშინია ჩემი ქალიშვილიც ასეთი არ გახდეს და სკოლაში ამიტომ არ ვუშვებ, მინდა გავათხოვო, შეყვარებული კი არ უნდა გაიჩინოს, ეს წესი არ არის”.

ქალაქ მარნეულში მცხოვრებ ფარიდა კარაევას გოგონა ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მეორე კურსის სტუდენტია, ის ფიქრობს, რომ გოგოს სწავლა კარიერისთვისაც და ოჯახისთვისაც სჭირდება.

– ,,გოგონამ აუცილებელია ისწავლოს, მხოლოდ იმისთვის არა, რომ პოლიტიკაში, ან ბიზნესში ჩაერთოს, მას განათლება ბავშვის აღზრდისთვისაც სჭირდება. როგორ შეუძლია პატარა, გაუნათლებელ ქალს შვილების აღზრდა?”- ამბობს ფარიდა კარაევა. 

სოფელ ყიზილაჯლოს სკოლის დირექტორის მოადგილე ასმათ ცირდავა აღნიშნავს, რომ 3 წლის წინ მე-11 კლასში გოგონები საერთოდ არ დადიოდნენ, ეს ბოლო წლებია, რაც მათი რაოდენობა შედარებით გაიზარდა, თუმცა იმიტომ არა, რომ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელონ სწავლა, უბრალოდ, მშობლები სკოლის დამთავრების ნებას რთავენ.

– ,,გოგონები მაღალ კლასებში გვაკლდებიან იმ მიზეზით, რომ ათხოვებენ ან სკოლაში აღარ უშვებენ. გოგონების სკოლიდან გამოყვანა მე-7 კლასიდან იწყება, მე-10 კლასიდან კი ეს პროცესი უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კლასები გოგონებისგან დაცლილია”-აცხადებს ასმათ ცირდავა.

სოფლის სკოლისგან არაფრით განსხვავდება ქალაქის სკოლა. მარნეულის ცენტრში მდებარე მეორე საჯარო სკოლა, რომელიც პრესტიჟულ სკოლად ითვლება, იგივე პრობლემის წინაშეა.

– ,,ეს ტრადიციაა, ასეა მიღებული, გოგონების მშობლებს მიაჩნიათ, რომ ნორმალურ ოჯახში გაზრდილი გოგო სკოლაში ბოლომდე არ უნდა დარჩეს. სკოლიდან გამოჰყავთ ან ადრეულ ასაკში ,,პატრონს აბარებენ”, ეს პროცესი მე-6 კლასიდან იწყება”-განმარტავს სკოლის დირექტორი ლია თუშური.

მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლე ლალაზარ ბოზდუევა აბიტურიენტია, მშობლებს სურთ გოგონამ სწავლა გააგრძელოს. ამბობს, რომ სანამ სწავლას არ დაამთავრებს, არ გათხოვდება. საქმროს მშობლები შეურჩევენ და სურს მშობლების მოწონებული სასიძო მასაც მოეწონოს.

– ,,შეყვარებულს ვერ გავიჩენ, როცა სწავლას დავამთავრებ, საქმროს ოჯახი შემირჩევს, მან აუცილებლად უნდა მასწავლოს და მამუშაოს, თუ წინააღმდეგი იქნება, არ გავყვები”.

ნაილა ფარზალიევა 14 წლის გათხოვდა, იმის გამო, რომ დიპლომი არ აქვს, სამსახურის შოვნა უჭირს.

– ,,სწავლა ყოველთვის მინდოდა, 14 წლის ვიყავი, როცა სიყვარულით გავთხოვდი, მართალია, კარგი ოჯახი მყავს, მაგრამ სჯობდა მესწავლა, ისევ ჩემ ოჯახს წაადგებოდა. მინდა განათლებული ვიყო და კარგ ადგილას ვამუშაო, გათხოვების შემდეგ სწავლა ვეღარ მოვახერხე”- დარდობს ნაილა ფარზალიევა.

კამილა მამედოვამ უმაღლესი განათლება მიიღო, ქალაქ მარნეულში სათემო რადიოს მენეჯერია და ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობს. ნახევრად ხუმრობით ამბობს, რომ განათლება ქალს ოჯახის შექმნაში ხელს უშლის, რადგან მამაკაცებს განათლებული ქალები არ სჭირდებათ.

– ,,მთავარია, ქალს არჩევანის საშუალება ჰქონდეს, არის ოჯახები, რომლებსაც ქალისთვის განათლების მიღება აუცილებლად არ მიაჩნიათ. გოგონები გარკვეული დროით, 11-12 წლამდე დადიან სკოლაში, ერთი წლის შემდეგ კი თხოვდებიან. განსჯას არ ვაპირებ, ეს მათი არჩევანია, ალბათ, ასე წარმოუდგენიათ ცხოვრება, ჰგონიათ, რომ უნდა გათხოვდნენ და შვილები იყოლიონ. მთავარია, რომ ეს ძალადობრივი გზით არ მოხდეს. არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მშობლებს სურთ განათლება მისცენ საკუთარ ქალიშვილებს და მათ გათხოვებასაც ეწინააღმდეგებიან, სანამ თუნდაც სამედიცინო ტექნიკუმს არ დაამთავრებენ. გოგონები კი, სასწავლებლებში საქმროების ,,გამოჭერით” არიან დაკავებულები. არც ადრეული ქორწინების მომხრე ვარ და არც მათთვის განათლების მიღების აკრძალვის. დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს საკუთარი მომავლის და ცხოვრებისეული პრიორიტეტების განსაზღვრის უფლება”.

ფსიქოლოგი და ექსპერტი გენდერის საკითხებში მზია წერეთელი მიიჩნევს, რომ სურვილი განათლებული ცოლები ჰყავდეთ, თავად მამაკაცებსაც უნდა ჰქონდეთ.

– ,,თუ აზერბაიჯანელი მამაკაცები მიხვდებიან, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მათი ცოლების განათლება და მუშაობა, ძალიან კარგი იქნება. 12 წლის ასაკში გოგონების გათხოვება ბავშვის წინაშე დანაშაულია, ასევე ჯანმრთელობის დარღვევაცაა, ეს არის დანაშაული, ერთის მხრივ მორალის და მეორეს მხრივ კანონის წინაშე. ეს გოგონები ძალადობის მსხვერპლად უნდა ჩავთვალოთ, ვიდრე ოჯახური ბედნიერების მპოვნელ ქალბატონებად, რა იცის 14 წლის გოგონამ გრძნობების, მამაკაცთან ურთიერთობის, როგორი ადამიანები გაიზრდებიან ბავშვის შვილები?”- რიტორიკულად კითხულობს მზია წერეთელი.

ეს ტაბუდადებული თემა აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად უნდა იქცეს, თუნდაც იმიტომ, რომ შარშან სწავლა უმაღლეს სასწავლებელში მარნეულის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ორმა აზერბაიჯანელმა გოგონამ გააგრძელა, ალბათ, ენობრივ ბარიერთან ერთად, პრობლემა ადრეულ ასაკში გათხოვების წესიცაა.
-------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია წარდგენილ იქნა გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტის ,,დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში“ ქალთა საკითხებზე გამართულ ჯურნალისტების კონკურსზე.



 
ნონა სამხარაძე